lingo-logo
ჩვენი გუნდი
ბლოგი
კარიერა
მასალები
ენის ტესტი
კონტაქტი
კურსის შეძენა
facebook-greeninstagram-greentikTok-greenlinkedin-greenyoutube-green
← ყველა სტატია

5 სუპერ ჩვევა, რომელიც ინგლისურის სწავლას გაგიმარტივებს (და დააჩქარებს!)

მოსწავლე, რომელიც სახალისოდ სწავლობს ინგლისურს

ალბათ, შენც გქონია მომენტი, როცა ინგლისურის სწავლის დაწყება გადაგიწყვეტია და უცებ, გრამატიკის წესების დანახვაზე მოტივაცია გამქრალა. დამღლელი გაკვეთილები და სიტყვების დაზუთხვა ნამდვილად არ არის სასიამოვნო.

სინამდვილეში ენის ათვისების მთავარი საიდუმლო არა საათობით მეცადინეობაში, არამედ პატარა, ყოველდღიურ ჩვევებშია. ჩვენ, სტუდიო ლინგოს გუნდს, გვჯერა, რომ მთავარია ენა შენი ყოველდღიურობის ნაწილი გახადო.

წარმოგიდგენ 5 სუპერ ჩვევას, რომელიც ძალიან დაგეხმარება და რაც მთავარია, დიდ დროს საერთოდ არ წაგართმევს:

1. ტელეფონის "გაინგლისურება"

დღეში რამდენჯერ ვამოწმებთ ტელეფონს? უთვალავჯერ. ჰოდა, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს დრო ჩვენს სასარგებლოდ? პირველი და ყველაზე მარტივი ნაბიჯი ტელეფონის, ინსტაგრამის ან ტიკტოკის მენიუების ინგლისურ ენაზე გადაყვანაა. თავიდან შეიძლება ცოტა უჩვეულო იყოს, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში ახალ სიტყვებს ისე ისწავლი, რომ ვერც კი მიხვდები.

2. დაივიწყე 50-სიტყვიანი სიები (დღეში 1 სიტყვაც საკმარისია)

კვირაში ათობით ახალი სიტყვის დაზეპირება, როგორც წესი, არ მუშაობს — მალევე გვავიწყდება. სცადე სხვანაირად: დღეში მხოლოდ ერთი ახალი სიტყვა ან ფრაზა ამოიჩემე. ჩაინიშნე სადმე ტელეფონში და ეცადე, დღის განმავლობაში მეგობრებთან საუბარში ან სულაც ფიქრში რამდენჯერმე გამოიყენო. წელიწადში ეს უკვე 365 ახალი სიტყვაა, თანაც ისეთი, რომელიც მართლა გემახსოვრება.

3. აქციე "სქროლვა" სასარგებლო დროდ

ვიცით, რომ ყველანი დღეში მინიმუმ ერთ საათს ვუთმობთ სქროლვას. ჰოდა სტუდიო ლინგოს არხებზე ისეთ კონტენტი დაგხვდება, რომელიც ინგლისურის სწავლაში ძალიან დაგეხმარება. წარმოიდგინე, რა ჯობია იმას, როცა თან ერთობი და თან ილიკო და სტუდიო ლინგოს მასწავლებლები სახალისოდ გასწავლიან პატარა ვიდეოებით საინტერესო სიტყვებს, ფრაზებს ან მარტივად გიხსნიან ურთულეს გრამატიკას, და ეს ყველაფერი რამდენიმე წამში. ამიტომ ჩვენი არხები აუცილებლად უნდა გქონდეს გამოწერილი იმ სოციალურ ქსელზე, რომელსაც აქტიურად იყენებ, იქნება ეს ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტიკტოკი თუ იუთუბი. (და ამათი ლინკები აი აქვე ზემოთ არის მოცემული)

4. ელაპარაკე საკუთარ თავს (გიჟი არავის ეგონები!)

უცხო ენაზე ლაპარაკი ბევრს იმიტომ უჭირს, რომ შეცდომის დაშვების ეშინია. რა არის ამაზე კარგი წამალი? ივარჯიშე მარტომ! როცა სახლში არავინაა, ხმამაღლა მოუყევი შენს თავს, რას აკეთებ. მაგალითად: „ახლა ყავას ვიკეთებ, მერე სამუშაოს უნდა მივხედო -> I'm making coffee now and then I need to get back to my work“ თარგმნე ეს ფიქრები ინგლისურად. ეს მეთოდი საოცრად ეხმარება ტვინს, რომ პირდაპირ ინგლისურად დაიწყოს ფიქრი და ენა აღარ დაგებას რეალური საუბრისას.

5. 10 წუთიანი პრაქტიკა ძილის წინ

ძილის წინ სქროლვა ყველას გვიყვარს, მაგრამ მოდი, ეს დრო ცოტა შევცვალოთ. აიღე რაიმე მსუბუქი წასაკითხი ან რამე ვიდეო ინგლისურად (რომელიც შენ გირჩევნია) — თუნდაც საინტერესო სტატია, შენი საყვარელი ბლოგი ან იუთუბის ვიდეო იმ თემაზე, რაც გაინტერესებს. ტვინი ძილის წინ მიღებულ ინფორმაციას ყველაზე კარგად იმახსოვრებს, პლუს ამას, კითხვა და მოსმენა ბუნებრივად აუმჯობესებს შენს გრამატიკას.

მოკლედ რომ ვთქვათ... ინგლისურის ცოდნა ერთ ღამეში არ მოდის, მაგრამ ყოველდღიური პატარ-პატარა ნაბიჯებით იქამდე ბევრად უფრო მალე მიხვალ, ვიდრე გგონია. ამოარჩიე ამ სიიდან თუნდაც ერთი ჩვევა და დღეიდანვე დაიწყე.

ხოლო თუ გრძნობ, რომ დამატებითი ბიძგი, პრაქტიკა და მეგობრული გარემო გჭირდება, სტუდიო ლინგოს კარი შენთვის ყოველთვის ღიაა. შემოგვიერთდი, დავამსხვრიოთ ენის ბარიერი ერთად და ვაქციოთ ინგლისურის სწავლის პროცესი ნამდვილ სიამოვნებად!